3 ოქროს მედალი, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები! მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. ტურნირის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე პლანეტის ყველაზე ძლიერი მამაკაცი, ლაშა ტალახაძე წარსდგა და როგორც მოსალოდნელი იყო, სრული ფურორი მოახდინა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 211/ 217/ 222 დაძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა 2 კილოგრამით გააუმჯობესა!
ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება ორჭიდს – ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!
ამავე წონაში საქართველოს სახელით კიდევ ერთი ძალოსანი, ჩვენი გუნდის კაპიტანი ირაკლი თურმანიძე გამოდიოდა, თუმცა ვეტერანმა სპორტსმენმა ასპარეზობის გაგრძელება ტრავმის გამო ვერ შეძლო.





