საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლაშა ტალახაძეს მეორე ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებას ულოცავს. წულუკიანმა მისალოცი წერილი ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაავრცელა:
„ქართული სპორტის ლეგენდას ლაშა ტალახაძეს (+109 კგ) ვულოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას! ლაშამ ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ბრწყინვალე ასპარეზობით საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა!
ჩვენ ყოველთვის გვყავდა მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებიც საერთაშორისო სარბიელზე გამორჩეულ ადგილს იკავებდნენ, ეპოქას ქმნიდნენ. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ასეთია ლაშა ტალახაძე, უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი მსოფლიო რეკორდის მფლობელი.
ლაშამ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი!
ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა არამარტო ქართული სპორტის, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ვულოცავ ლაშას და ვულოცავ სრულიად საქართველოს.“ – წერს წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადა ორჯერ მოიგო.
ამ დროისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია – 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ლაშა ტალახაძის გარდა ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა. ასევე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ანგარიშზეც, ბრინჯაოს პრიზიორი კი ძალოსანი ანტონ პლესნოი გახდა.





