18 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი, დიდი გამარჯვების დღეა. 1964 წლის 18 ნოემბერს, “დინამოელები” პირველად გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. რეგულარულ ჩემპიონატში “დინამომ” და მოსკოვის “ტორპედომ” 46-46 ქულა დააგროვეს, რის გამოც ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრის გამართვა გახდა საჭირო. ოქროს მატჩი ტაშკენტში 57 წლის წინ გაიმართა.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარში კი ანგარიში მოსკოველმა ვლადიმერ შერბაკოვმა გახსნა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ილია დათუნაშვილმა ანგარიში კუთხურიდან, ეფექტური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.
დამატებით პირველ ტაიმში ილია დათუნაშვილის და მიხეილ მესხის გოლებმა ფაქტობრივად გადაწყვიტეს ჩემპიონის ვინაობა. დამატებითი დროის მეორე ტაიმში მოსკოველი მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა სლავა მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა – 4:1.
ოქროს მატჩში “დინამო თბილისის” ღირსებას იცავდნენ:
სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი.
გუნდის მთავარი მწვრთნელი კი გავრილ კაჩალინი გახლდათ.





