იყო დრო, ის ფეხბურთს მისდევდა. უფრო მეტიც – 12 წლამდე საფეხბურთო სექციაში ირიცხებოდა და ცუდ მომავალსაც არ უწინასწარმეტყველებდნენ. მისი ბიძა, ანხელ ნადალი ხომ „ბარსელონაში“ თამაშობდა და ესპანეთის ნაკრების მაისურიც ხშირად მოურგია.
რაფას მომავალი კი საბოლოოდ მეორე ბიძამ, ტონი ნადალმა გადაწყვიტა. მან აიჩემა, რომ რაფასგან საუკეთესო ჩოგბურთელს დააყენებდა. ორი კურდღის მადევარი ადამიანი რომ ვერცერთს დაიჭერს დაუწერელი კანონია. ამიტომაც, 12 წლის ასაკში ოჯახს არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ნადალი, ერთდროულად ჩოგბურთზე და ფეხბურთზე სიარულს ვეღარ გააგრძელებდა. რაფაც ფეხბურთიდან გამოიყვანეს და კორტზე შეუშვეს.

არავინ იცის როგორი ფეხბურთელი დადგებოდა ის, მაგრამ საჩოგბურთო სამყარომ რაფაელ ნადალის სახით რომ უნიკალური სპორტსმენი მიიღო წყალი არ გაუვა. ფენომენალური საჩოგბურთო მიღწევები იქეთ გადავდოთ და რაფაელ ნადალს სიყვარული არც ფეხბურთისადმი განელებია. არახალი ამბავია, რომ ის მადრიდის „რეალის“ თავგადაკლული ქომაგია და ესპანეთის ნაკრების მატჩებსაც შეძლებისდაგვარად ხშირად ესწრება.
გულშემატკივრებში ფეხბურთზე კამათი ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, საფეხბურთო თემი ვერასდროს შეთანხმდება იმაზე, პელე უფრო მაგარი იყო თუ მარადონა. მესი ჯობს თუ რონალდუ და ა.შ.
გაინტერესებთ რას ფიქრობს რაფაელ ნადალი? ვინ არის მისთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? ამ კითხვაზე მისი პასუხი გაგაოცებთო ვერ ვიტყვით, თუმცა მისი აზრით ეს ზემოთნახსენები 4 ფეხბურთელიდან არცერთია.
„ძალიან რთული კითხვაა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ამ საკითხზე ხშირად მიფიქრია. მეგობრებშიც ხშირად გვიკამათია.
მესი თუ რონალდუ? ბუნებრივია, ორივე გენიალური ფეხბურთელია, მათ ეპოქა შექმნეს, თუმცა ყველა დროის საუკეთესოებში მაინც არცერთს არ დავასახელებდი.
რონალდო, ბრაზილიელი კიჭა. ის არის ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი. მისი თამაში ყოველთვის აღმაფრთოვანებდა“ – აღნიშნა რაფაელ ნადალმა.





