აფრიკის თასის მერვედფინალური მატჩი, კამერუნისა და კომოროსის ნაკრებებს შორის ტრაგედიით დასრულდა.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჭყლეტის დროს 10-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც და ქალბატონებიც, 50-ზე მეტი ქომაგი კი დაშავდა და სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. მათივე ცნობით, არეულობა ტრიბუნაზე მოხვედრის სურვილმა გამოიწვია. სტადიონზე შესვლას დაახლოებით 50 ათასამდე გულშემატკივარი ცდილობდა, არენა კი 60 ათას მაყურებელს იტევს. კამერუნის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ტრიბუნაზე გულშემატკივართა 80% იყო დაშვებული.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის კამერუნის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.




