წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობა, რომ ყველა წინამორბედისგან განსხვავებული იქნება უკვე შევეგუეთ. რა თქმა უნდა, სულ არარაობას და ჩაშლას, ასეთ ვითარებაში ჩატარება ჯობდა.
უჩვეულო იქნება მელბურნის საჩოგბურთო კომპლექსის მთავარი – „როდ ლეივერის“ არენაც. მრავალი წლის შემდეგ, პირველად ტრიბუნებზე ვერ ვიხილავთ ლეგენდარულ ავსტრალიელ ჩოგბურთელს, პიროვნებას, რომლის სახელობისაც არის ცენტრალური კორტი – თავად როდ ლეივერს.
მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, როდ ლეივერს მისმა გარემოცვამ ურჩია, რომ წელს მელბურნში არ ჩასულიყო. პრინციპში არც გაემტყუნებათ, დიადი როდი ხომ უკვე საკმაო ასაკშია და უსაფრთხოების მიზნით შინ დარჩენა კარგი გამოსავალი იყო.
„სამწუხაროდ, წელს ავსტრალიის ღია პირველობას ვერ დავესწრები. შინ დავრჩები და ტურნირს ტელევიზორიდან მივადევნებ თვალს. რა თქმა უნდა, ეს იძულებითი გადაწყვეტილება იყო.
მოუთმენლად ველი როდის დავბრუნდები ისევ ჩემი სახელობის არენაზე. მინდა ყველა მონაწილეს და ორგანიზატორებს წარმატებები ვუსურვო“ – აღნიშნა როდ ლეივერმა.