ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა და მისმა „ტენერიფემ“. 33-ე ტურში ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე „სან სებასტიანს“ შეხვდა და 29 ქულის სხვაობით, 98:69 გაიმარჯვა.
შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 24 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
33 ტურის შემდეგ, „ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში 26 მატჩი აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება. გიოს გუნდს მომდევნო შეხვედრა 2 მაისს, „ფუენლაბრადას“ წინააღმდეგ ელის.







