საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ერთვება. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე ფიფას შტაბბინაში შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ჩვენი გუნდის მეტოქეები გაირკვა. ქალი ფეხბურთელები შვედეთის, ფინეთის, ირლანდიის და სლოვაკეთის ნაკრებებს შეხვდებიან.
წილისყრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ კენჭისყრა შეაფასა:
„საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოგვიწევს თამაში. რთული მატჩები იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მეტოქეს ღირსეულად ვეთამაშოთ და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მეტი ქულა ავიღოთ. საინტერესო იქნება ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში.
ოფიციალური მატჩების გამართვამდე, დაგეგმილია საწვრთნელი შეკრება, აგრეთვე ამხანაგური თამაშები ივნისში. სწორედ ამ შეკრებაზე გამოვცდით ფეხბურთელებს სხვადასხვა პოზიციაზე და ეს იქნება ერთგვარი გაცნობითი ხასიათის შეკრება. სექტემბრიდან უკვე ოფიციალური თამაშები გველოდება, კალენდარზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – ციტირებს გიორგი ჩხაიძის სიტყვებს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. მატჩების სრული განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.





