ტოკიოს ოლიმპიადაზე დღეს ქართველი სპორტსმენები ჩაერთნენ საქმეში.
ჯამში პირველ დღეს 5-მა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა და მათი გამოსვლა დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია სანდრო ბაზაძის ბრწყინვალე ასპარეზობა. ქართველი მოფარიკავე ფავორიტთა შორის არ განიხილებოდა, თუმცა, მან მოახერხა და ნახევარფინალში გააღწია, სადაც მსაჯების არასწორი გადაწყვეტილების გამო დამარცხდა. საბოლოოდ, სანდრომ ოლიმპიადაზე გამოსვლა მეოთხე ადგილით დაასრულა.
წარმატებით აიღო სტარტი ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ესპანელი კარბალეს ბაენა მარტივად, ორ სეტში 6:3, 6:2 დაამარცხა და შემდგომ წრეში იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდება. მატჩი 26 ივლისს არის ჩანიშნული.
ძიუდოისტების გუნდიდან პირველი ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვიდა. სამწუხაროდ, ქართველმა სპორტსმენმა ჯერ 1/4 ფინალის შეხვედრა დათმო ასევე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით, შემდგომ კი რეპეშაჟის შეხვედრაც წააგო და უმედლოდ დაემშვიდობა ოლიმპიადას.
1/16 ფინალში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ესკერხან მადიევმა, რომელმაც აზერბაიჯანელი კოლაცო სოტომაიორი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მან მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. შემდგომ ბრძოლას ქართველი 27 ივლისს ჩაატარებს.
და ბოლოს, 400 მეტრზე ცურვაში ირაკლი რევიშვილმა იასპარეზა. ქართველი სპორტსმენისთვის ეს სადებიუტო გამოსვლა იყო ოლიმპიადაზე და სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო. თუმცა, მან საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო სამომავლოდ.








