თორნიკე კირკიტაძე კარიერას “დინამო თბილისში” გააგრძელებს. ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. კირკიტაძე “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან ერთად ფლანგელს ერთი ოფიციალური შეხვედრა “დინამოს” პირველ გუნდშიც აქვს გამართული.
თორნიკე კირკიტაძის ბოლო კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” გახლდათ, მის ანგარიშზე 68 შეხვედრაში გატანილი 9 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა. 2020 წელს მან “ლოკომოტივთან” ერთად უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. სხვადასხვა დროს, კირკიტაძე ასევე საჩხერის “ჩიხურას” და “რუსთავის” ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება თორნიკე კირკიტაძის სანაკრებო კარიერას, 2016 წელს იგი ორჯერ მიიწვიეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში.





