წლის მეორე დიდი სლემის ტურნირამდე ანუ როლან გაროსამდე ჩოგბურთელები ბოლო რეპეტიციას სხვადასხვა წვრილ ტრუნირებზე გადიან. ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრი 23 მაისს ბელგრადში დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდიც 511 ათასი ევროა.
ბელგრადში, საკუთარი თანამემამულეების წინაშე თამაშს გეგმავს ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც თავისთავად ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი. ამას წინათ გამცნეთ, რომ სერბეთის დედაქალაქში იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველ მეჩოგნეს ორგანიზატორებმა სულაც მესამე განთესვა მიანიჭეს.
ამასობაში გაირკვა, რომ ბელგრადის ტურნირიდან ერთბაშად 3 ჩოგბურთელი მოიხსნა. ესენი არიან სერბები – ფილიპ კრაიანოვიჩი და ლასლო ჯერე, ასევე ესპანელი პაბლო ანდუხარი.
ამ ამბავს დიდ ყურადღებას ნამდვილად არ მივაქცევდით რომ არა ნიკოლოზ ბასილაშვილი. ჩვენებური მეჩოგნე ტურნირში მეორე წრიდან ერთვება, ხოლო მისი სავარაუდო მეტოქე დიდი ალბათობით სწორედ ლასლო ჯერე უნდა ყოფილიყო.
ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მოწინააღმდეგე ბელგრადში საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები – ავსტრალიელი კრისტოფერ ოკონელი ან სლოვაკი ანდრე მარტინი იქნება.





