საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელსა და მისი ყოფილი მეუღლის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი კვლავ არ წყდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ნელი დოროყაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და ჩოგბურთელს ბავშვის ნახვის შესაძლებლობას არ აძლევს.
„ქალბატონ ნელი დოროყაშვილს მოვუწოდებ, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება და ნუ უმალავს ბავშვს მამას, ბებიას და ბაბუას. დავიწყოთ იქედან, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარდგენილი ჰქონდა ძალადობის მუხლის მეორე ნაწილი. როდესაც დაზუსტდა ბრალი და ეს არ მომხდარა დღეს, არამედ რამდენიმე თვის წინ, მას დაუზუსტდა ეპიზოდები პირველი ნაწილით. შესაბამისად, ბრალის დამძიმებაზე საუბარი არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. დოროყაშვილი და მისი დამცველები აკეთებენ ყველაფერს, რათა ბატონ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა“, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
მისივე თქმით, ბასილაშვილზე ფსიქოლოგიური ტერორი ამ დრომდე მიმდინარეობს.
„ქალბატონი დოროყაშვილის მხრიდან ბასილაშვილი არის ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი. ჩვენ ვიცით, რომ ორ დღეში ბატონი ბასილაშვილი ამერიკაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემპიონატის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. ჩვენ ამას დავამტკიცებთ სასამართლოში.”, – ამბობს ბასილაშვილის უფლებადამცველი.








