ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე, ლევან გორგაძისთვის რომ ყველაფერი დამთავრებულია, ეს აქამდეც უკვე ცნობილი იყო.
სამწუხაროდ, ქართველი სუმოისტი ძველი სპორტული ფორმისგან და დიდებისგან შორს არის, რაშიც მთავარი უარყოფითი როლი ტრავმებმა ითამაშა და ტოჩინოშინი სასურველ კონდიციებს ვერა და ვერ დაუბრუნდა.
ამის ნათელი დასტური ზაფხულის ნაცუ ბაშოა, სადაც ტოჩინოშინმა განვლილ 13 დღეში მხოლოდ 4 გამარჯვების მოპოვება მოახერხა და უარყოფითი ბალანსიც ნაადრევად გაიფორმა.
დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე მეორე მაეგაშირა ტობიძარუ იყო, რომელიც მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ასევე ძალზედ წარუმატებლად ასპარეზობს და ქართველ ფალავანთან შეხვედრამდე ოდენ 3 მოგებით იწონებდა თავს.
ტობიძარუმ ლევან გორგაძე იორიკირის ილეთით დაამარცხა და დოჰიო ისე დაატოვებინა.
ამჟამად ტოჩინოშინის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 9 მარცხია. მე-14 დღეს ქართველი სუმოისტი, მე-16 მაეგაშირა ჩიომარუს შეხვდება.





