ავსტრალიის ღია პირველობას ძველ-ახალი დედოფალი ჰყავს. ნაომი ოსაკას, მელბურნში 2019 წელს უკვე უჩემპიონია და არც ამჯერად გააწბილა თავისი უამრავი გულშემატკივარი.
„ფინალისტები არავის ახსოვს“ – ეს სიტყვები ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა მელბურნში ფინალში გასვლის შემდეგ წარმოთქვა და ძნელია არ დაეთანხმო. ისტორია ძირითადად ჩემპიონებს იმახსოვრებს.
ანასტასია პავლუჩენკოვა, კაროლინ გარსია, ონს ჟაბერი, გარბინიე მუგურუზა-ბლანკო, სუნ ვეი-ჰეისი და მონსტრი სერენა უილიამსი. ასეთი იყო ნაომი ოსაკას გზა ფინალამდეს, სადაც ყოჩაღი ჯენიფერ ბრედი ელოდა.
მეიჯორის ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როდესაც სანუკვარ ჯილდომდე ერთი ხელის გაწვდენაა მაქსიმუმი უნდა გაიღო. დიდი სლემის ფინალში ხომ შემთხვევით ვერ მოხვდები და მიუხედავად იმისა, რომ წყვილის ფავორიტად აშკარად იაპონელი იყო მიჩნეული, ამერიკელი ჩოგბურთელის და მის გულშემატკივრის გულებში იმედის ნაპერწკალი ალბათ მაინც კიაფობდა. ნაომი ოსაკამ კი მეტოქეს ეს იმედები 1 საათსა და 20 წუთში ჩაუკლა.
6:4, 6:3 – ასეთი იყო მატჩის საბოლოო შედეგი ოსაკას სასარგებლოდ. იაპონელმა ჩოგბურთელმა როგორც უკვე ვთქვით მელბურნში მეორედ იჩემპიონა, სულ კი დიდი სლემის ტურნირი მეოთხედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მას 100% შედეგი აქვს. მეიჯორის 4 ფინალი და ოთხივე გამარჯვება. ავსტრალიის გარდა, ოსაკას, რომელიც მსოფლიოს მესამე ჩოგანია ორჯერ ამერიკის ღია პირველობის თასი აქვს ჩახუტებული.
ნიშანდობლივია, რომ 2019 წელს, როდესაც ოსაკამ მელბურნში იჩემპიონა, ჯენიფერ ბრედიმ საერთოდ კვალიფიკაციაც ვერ გაიარა. ამის ფონზე კი წლევანდელი ფინალი ამერიკელისთვის უდავოდ დიდი მიღწევაა.
იაპონელმა ჩოგბურთელმა 2000 სარეიტინგო ქულა და 2,16 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
დაბოლოს. ნაომი იაპონურად მშვენიერებას ნიშნავს. ვერაფერს ვიტყვით – ნაომი ოსაკას სახით თანამედროვე საჩოგბურთო სამყაროს მართლაც მშვენიერი სპორტსმენი ჰყავს და ეს მან ავსტრალიის ღია პირველობაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა.





