საფრანგეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში „პსჟ“ შინაურ არენაზე „მეცს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა, თუმცა ეს მოგება ცოტა ძვირად კი დაუჯდა.
მატჩის ბოლო წუთებზე დაშავდა კილიან მბაპე, რომელმაც მანამდე დუბლის შესრულება მოასწრო და თავისი გუნდის გამარჯვებაში სერიოზული წვლილი დაიდო.
ორი აზრი არ არსებობს, რომ მბაპე პარიზული გრანდისთვის უმნიშვნელოვანესი და საკვანძო ფიგურაა. ამიტომაც, მისი ტრავმა, მითუფრო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე ორი დღით ადრე შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა.
„კილიანმა თეძო დაიზიანა. ვიმედოვნებთ, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. ის შეწუხებული და ჩაფიქრებული იყო, როდესაც შესაცვლელი გახდა, რადგან წინ მანჩესტერ სიტისთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველის. ბუნებრივია, მას ამ მატჩში თამაში სურს და იგივე გვინდა ჩვენც“ – ამბობს „პსჟ“-ს არგენტინელი მთავარი მწვრთნელი მოურიციო პოჩეტინო.








