გადაწყვეტილი ამბავია. რონალდ კუმანი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება. არადა, ჯერ კიდევ სეზონის მიმდინარეობისას იყო აქტიური მსჯელობა, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს კატალონიური გრანდიდან დაითხოვდნენ.
მედიის და სპეციალისტების ვარაუდი არ გამართლდა. „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კუმანს ნდობა გამოუცხადა.
„მოლაპარაკებებმა დამარწმუნა, რომ მთავარი მწვრთნელი არ უნდა შევცვალოთ. ის ნამდვილი პროფესიონალია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ბარსელონასთვის რონალდ კუმანი იდეალურია“ – აღნიშნავს ლაპორტა.
კუმანი „ბარსელონაში“ 2020 წელს დაინიშნა. მისი თავკაცობით გუნდმა ესპანეთის სამეფო თასი მოიგო, ხოლო ლა-ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას კატალონიელები ტურნირს 1/8 ფინალიდან გამოეთიშნენ.