რაგბის კავშირის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ნაკრების მორაგბე, ვიტო კოლელიშვილი ეხმაურება.
31 წლის მორაგბის თქმით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად უშლის ხელს ქვეყანაში რაგბის განვითარებას და ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძეა.
„ფაქტია, რომ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს არ სურს რაგბის განვითარება და ზედმეტად ერევიან შიდა საქმეებში. არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმურად სცნეს, რასაც არ მივესალმებით მორაგბეების ის ნაწილი, რომლებსაც მართლა ბევრი გვაქვს რაგბისთვის გაკეთებული. ძალიან ბევრი გამორჩეული მორაგბე ირაკლი აბუსერიძის გვერდითაა. კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ და ამას მალე დაინახავენ.
იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოს და ქართული რაგბის სახელი საზღვრებს გარეთ გაჰქონდათ, ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართული რაგბის პროგრესისთვის და ვიღაცეებმა მათ ხელი არ უნდა შეუშალონ“, – განაცხადა ვიტო კოლელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს გამართულ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა. მიზეზად დარღვევებით ჩატარებული ყრილობა დასახელდა.
რაგბის კავშირის გამგეობამ ხელახალი არჩევნები 24 თებერვალს დანიშნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა. აღნიშნული სხდომა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა, გამგეობამ კი განმეორებითი ყრილობა 10 მარტს დანიშნა.





