ის 2010 წლის შემდეგ უმუშევარია. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა ადვილი საპატიებელი ამბავი არ იყო და შესაბამისად მასაც კარისკენ მიუთითეს. ისე, 4 წლით ადრე, გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ხელმძღვანელობით „მამლები“ ფინალში გავიდნენ და იქ იტალიასთან პენალტების სერიაში წააგეს.
რაიმონ დომენეკზე მოგახსენებთ. ფრანგ სპეციალისტზე, რომელიც ყველამ მიივიწყა, მაგრამ ისე გაიხსენეს. ფრანგული მედიის მტკიცებით, დომენეკს უახლოეს ხანებში კვლავ ვიხილავთ მოედნის კიდესთან, მწვრთნელის ამპლუაში.
გავრცელებული ინფორმაციით რაიმონ დომენეკის სამსახური „ნანტს“ სურს. ჯერ ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მაგრამ ეს საქმე მალე მოკვარახჭინდებაო. ასე რომ, 10 წლიანი პაუზის შემდეგ ფრანგი მწვრთნელი პროფესიას უბრუნდება.
ისე, „ნანტს“ საფრანგეთის ჩემპიონატში საქმეები მთლად კარგად არ მისდის. ცხრილის ფსკერზე იმყოფება და გუნდის ხელმძღვანელობაც იმედის თვალით რაიმონ დომენეკს შეჰყურებს.


