სვანეთში საფეხბურთო გუნდის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა, 2018 წელს ოფიციალურად დაფუძნდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზისა და პრობლემის გამო, კლუბთან დაკავშირებული იდეების განხორციელება მხოლოდ 2021 წლისთვის მოხერხდა.
ამ საინტერესო და ამავდროულად, ისტორიულ ამბავს, გვერდს ვერ ავუვლიდით. Prime Sport-ი იდეის ერთ-ერთ ავტორს, სპორტულ ჟურნალისტს, ლევან ქობალიას დაუკავშირდა და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ესაუბრა.
– საიდან გაჩნდა იდეა
– მინდოდა, რომ ფეხბურთი მეთამაშა, თუმცა სვანეთში ამის შესაძლებლობა არ მქონდა და ვერც ახლოს მდებარე ქალაქში სიარულს ვახერხებდი.
ამ ყველაფრის ფონზე გამიჩნდა იდეა, რომ ის რაც მე ვერ შევძელი ამ ბავშვებისთვის გამეკეთებინა და საფეხბურთო კლუბი ჩამოვაყალიბე.
გუნდის შექმნის იდეა 2017 წელს დამებადა. საუბარი მქონდა ფეხბურთის ფედერაციასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
– როგორი იყო დაინტერესება
– ბავშვების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო თავიდანვე, როცა ამ ყველფრის შესახებ განვაცხადე ბავშვების შეტყობინებები ახლაც არ წყდება.
– როგორი სავარჯიშო პირობები აქვს გუნდს დღეს
– ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ვარჯიში, და ეს ყოველთვის ასე ვერ გაგრძელდება, ჩვენ მოწყურებულები ვართ განვითარებას, ამისთვის სრულიად მზად ვართ, უბრალოდ გვჭირდება მეტი ხელშეწყობა. ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება მოედანი, უბრალო მინდორიც რომ იყოს უბრალოდ სტანდარტული ზომის. იმ ზომის მოედანზე სადაც ჩვენ ვარჯიშობთ (20X40) რთულია გადაწყობა სტანდარტულ მოედანზე, რთულია ასე თამაში.
– Fc Mestia-ს პირველი ისტორიული მატჩის შეფასება და ემოციები
– მიუხედავად იმისა, რომ მატჩი წავაგეთ მიზანი რაც გვქონდა 100%-ით შესრულდა. გვქონდა რამდენიმე მომენტი რაც ვერ გამოვიყენეთ და მერწმუნეთ ეს მხოლოდ იმის ბრალია რომ ჩვენ დებიუტანტები ვიყავით.
რაც მთავარია ბიჭებმა ნახეს, რამხელა შრომა ,რამხელა ენერგია სჭირდება ამ საქმეს. მიიღეს ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება და გააცნობიერეს როგორ უნდა ითამაშო სტანდარტული წესებით, სტანდარტულ მოედანზე.
ამ მატჩის შემდეგ ყველაზე დიდი მოტივაცია მიიღეს, ისინი ყველაზე ბედნიერები იყვნენ და ამას არც მალავდნენ. არავინ განიცადა გაშვებული გოლები, რადგან ყველამ იცოდა ამ მატჩის მნიშვნელობა, რომ ეს მატჩი ისტორიული დებიუტი იყო და მათ ეს ისტორია დაწერეს.
გამოიკვეთა ის აუცილებლი მიმართულებები რაზეც უფრო მეტი სამუშაო გვაქვს და ამას აუცილებლად გამოვასწორებთ.
– სამომავლო გეგმები
– დღეის მდგომარეობით გვყავს U17-ის გუნდი, სამომავლოდ დაემათება კლუბის მთავარი და U15 გუნდი.
გვეყოლება სამი გუნდი, რომელიც მიიღებს მომავალი სეზონიდან ჩემოიონატში მონაწილეობას.




