ავსტრალიის ღია პირველობაზე მეცხრე ტრიუმფის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით პაუზას აიღებდა, რათა მელბურნში მიღებული მცირე ტრავმის შემდეგ დასასვენებლად და აღდგენითი პროცესისთვის მეტი დრო ჰქონოდა.
ნოლე, გრუნტის სეზონის დაწყებამდე უქმობას გეგმავს და ერთადერთი გამონაკლისი სავარაუდოდ მაიამის მასტერსი იქნება, რომელიც სტარტს 24 მარტს იღებს.
სერბი ჩოგბურთელის მთავარი მწვრთნელი გორან ივანიშევიჩი მედიასთან საუბარში ადასტურებს, რომ ჯოკოვიჩი გარკვეულ ხანს იუქმებს.
„ამ თემას ერთად კიდევ განვიხილავთ, მაგრამ თითქმი დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი შეიცვლება და ის გრუნტის ტურნირებამდე კორტზე აღარ გამოჩნდება. ერთადერთი გამონაკლისი შესაძლოა მაიამის მასტერსი იყოს, რომელიც ნოლეს ძალიან უყვარს.
ბევრი რამ ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესზე იქნება დამოკიდებული. დიდ აუცილებლობას ვერ ვხედავთ გავრისკოთ და ტურნირებით დავიტვირთოთ. გვსურს, რომ გრუნტის სეზონს და განსაკუთრებით როლან გაროსს მაქსიმალურად ჯანმრთელად და კარგ ფორმაში მყოფები შევხვდეთ“ – აღნიშნავს მსოფლიოს პირველი ჩოგნის მთავარი მწვრთნელი გორან ივანიშევიჩი.





