მადრიდის „რეალს“ ის აღარ უნდა, მაგრამ ფეხბურთელს ჯიქურ იქ ყოფნა სურს. გარეთ ბეილზე მოგახსენებთ, რომელიც მიმდინარე სეზონში თავის ყოფილ კლუბში – „ტოტენჰემში“ იჯარის წესით გადავიდა და ურიგოდაც არ გამოიყურება.
„ტოტენჰემს“ უელსელი ფეხბურთელის გამოსყიდვა კი მოუწადინებია, მაგრამ თავდ ბეილის გეგმებში ეს არ შედის და უკან სამეფო გუნდში დაბრუნებას გეგმავს.
„წელს ევროპის ჩემპიონატია და მსურდა ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირს ტონუსში მყოფი შევხვედროდი. ერთი სეზონით ტოტენჰემში გადმოსვლასაც ამიტომ დავთანხმდი, თუმცა აქ დარჩენას არ ვაპირებ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მადრიდში დავბრუნდები.
ჩემი მიზანია კონტრაქტის ბოლომდე იქ დავრჩე ანუ კიდევ ერთი წელი რეალში გავატარო. მე ჩემს გეგმას მივყვები. ეს გადაწყვეტილება უკვე მივიღე და აღარ შევცვლი“ – ამბობს გარეთ ბეილი ინგლისურ მედიასთან საუბარში.
ბოლო დროს გარეთ ბეილი მართლაც კარგ ფორმაშია, თუმცა როგორც ესპანური პრესა იუწყება „რეალს“ უელსელის შენარჩუნება არ სურს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.





