არც ისე დიდი ხნის წინ იყო, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა რომ გახდა, რომელმაც ეს საპატიო თანამდებობა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ უპრობლემოდ დაიბრუნა.
ახლა კი მადრიდის „რეალის“ რიგიც დადგა. სამეფო კლუბში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, თუმცა არა გვგონია ამ პროცესს თან დიდი ვნებათაღელვა ახლდეს.
ერთადერთი კანდიდატი ამ ეტაპზე ფლორენტინო პერესია, რომელიც 9 აპრილს დარეგისტრირდა. თუ 12 აპრილამდე კლუბში სხვა კანდიდატთა განაცხადები არ შევა, მაშინ პერესს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოფიციალურად 2025 წლამდე გაუხანგრძლივდება.
ფლორენტინო პერესი სამეფო გუნდის პრეზიდენტი პირველად 2000 წელს გახდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ე.წ. „გალაქტიკოს“ შექმნა, როდესაც კლუბში ფიგუ, ზიდანი, ბექჰემი, რონალდო და სხვა ვარსკვლავები შეკრიბა. პერესი „რეალის“ პრეზიდენტი 2006 წლამდე იყო, პოსტზე კი 2009 წელს დაუბრუნდა და დღემდე ამ თანამდებობაზეა.





