არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი თავისდაუნებურად დიდ გაუგებრობაში მოჰყვა. „ბარსელონას“ კაპიტანს კეთილი ჟესტი შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.
საუბარია, რამდენიმე დღის წინ მესის მიერ ორგანიზებულ გრანდიოზულ ვახშამზე, რომელიც მან საკუთარ ფეშენებელურ ვილაში მოაწყო.
შეგახსენებთ, ლა-ლიგის 34-ე ტურში, „ბარსელონამ“ სტუმრად „მესტალიაზე“ მძიმე ბრძოლაში „ვალენსიას“ 3:2 მოუგო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.
სწორედ, იმ გამარჯვების აღსანიშნავად მესიმ თანაგუნდელები სახლში ვახშამზე დაპატიჟა. კატალონიური გრანდის კაპიტანმა იფიქრა, რომ მორიგ ტურში „ატლეტიკოსთან“ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ განსატვირთად და მეტი მოტივაციისთვის შეკრება გუნდს წაადგებოდა, თუმცა ვერ გათვალა, რომ ეს ნაბიჯი მას კანონდარღვევად ჩაეთვლებოდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო ესპანეთში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს, რომლის თანახმადაც ერთ სივრცეში მისი სიდიდის ან ტევადობის მიუხედავად 6 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება. მესის სახლში კი როგორც უკვე ავღნიშნეთ „ბარსელონას“ მთელი გუნდი იყო თავმოყრილი.
მოკლედ, თუ ლიონელ მესის ამ ქმედებას ესპანეთის მთავრობა მოქმედი რეგულაციების და წესების სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს, მაშინ არგენტინელი სუპერფორვარდი 60 ათასი ევროთი დაჯარიმდება.





