ჩოგბურთის მოყვარულებმა ალბათ უკვე დაიზეპირეს, რომ წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობა ნაცვლად იანვრისა, თებერვალში გაიმართება. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი სტარტს 8 თებერვალს აიღებს.
მანამდე კი წინ საკვალიფიკაციო ეტაპია. გაგიკვირდათ ასე ნაადრევად რატომ? უფრო მეტიც – ტურნირი ძირითად ბადეში მოსახვედრად ჩოგბურთელები არა მელბურნში, არამედ ორ სხვადასხვა ქვეყანაში იბრძოლებენ. ვაჟები დოჰაში, ქალები კი დუბაიში.
ქალთა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 10 იანვარს დაიწყება, სადაც ორი ჩვენებური – მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე შეეცდებიან ფონს გასვლას.
წილისწყრამ მარიამ ბოლქვაძეს მეტოქედ კარმან ტანდი არგუნა. 22 წლის ინდოელი ჩოგბურთელი რეიტინგის 626-ე ნომერია, ხოლო ბოლქვაძე 192-ე. თავადაც მიხვდებოდით, წყვილის უდავო ფავორიტი მარიამ ბოლქვაძეა.
რაც შეეხება ეკატერინე გორგოძეს, სასტარტო დაპირისპირებაში მისი მოწინააღმეგე იანა ფეტი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ გორგოძეს წილისყრაში დიდად არ გაუმართლა, რადგან 24 წლის ხორვატი ჩოგბურთელი რეიტინგის 209-ე ნომერია და ჩვენებურსაც რთული მატჩი ელის.
მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე დუბაიში, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპში 11 იანვარს ჩაერთვებიან.