2021 წლის დოჰას უპრესტიჟულესი საჩოგბურთო ტურნირის ჩემპიონი მალე დუბაიში გადაინაცვლებს, სადაც არანაკლებ მაღალი დონის შეჯიბრი იღებს სტარტს. თავად განსაჯეთ – შარშან აქ ჩემპიონი თვით ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, ხოლო 2019 წელს როჯერ ფედერერი. ისე, ცნობისთვის, დიადი როჯერი დუბაიში თამაშს წლეულსაც აპირებდა, თუმცა დოჰაში ნიკოლოზ ბასილაშვილთან წაგების შემდეგ გადაიფიქრა.
რაც შეეხება ჩვენებური მეჩოგნის პირველ მეტოქეს, ის დოჰადან კარგად ნაცნობი ტეილორ ფრიცია. შეგახსენებთ, ყატარის დედაქალაქში ამერიკელ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალში აჯობა.
ბასილაშვილის და ფრიცის გზები ამჯერად დუბაიშიც გადაიკვეთება, ოღონდ როგორც უკვე ავღნიშნეთ არა ტურნირის დასკვნიტ ეტაპზე, არამედ სტარტზე და იმედია მატჩი კვლავ ქართველის გამარჯვებით დასრულდება.
რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, დუბაის ტურნირზე, რომლის საპრისო ფონდიც 1,897,805 დოლარია საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა მოიყრის თავს. პირველ ნომრად ავსტრიელი დომინიკ ტიმია განთესილი, მეორედ კი რუსი ანდრეი რუბლევი. დუბაიში ასევე ჩოგანს გაიქნევენ დენის შაპოვალოვი, დავიდ გოფინი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი და სხვები.
ნიკოლოზ ბასილაშვილის და ტეილორ ფრიცის დაპირისპირება 16 მარტს არის ჩანიშნული.





