როგორც იქნა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა იანვრის მერე პირველად მოიგო. მანამდეც, ანუ შარშანდელ სეზონში მარტის მერე ჩვენებურმა მეჩოგნემ გამარჯვების გემო რა იყო არ იცოდა.
დოჰას უპრესტიჟულესი ტურნირის პირველ წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი ჯეიმს მილმანი იყო, რომელთანაც აქამდე ურთიერთშეხვედრების ანგარიშში პარიტეტი იყო – 2:2. ჰოდა, ქართველი ჩოგბურთელი ისევ დაწინაურდა.
ჩაგდებული პირველი სეტის შემდეგ, რომელიც ბასილაშვილმა 2:6 წააგო, კვლავ ის განცდა დაგვეუფლა, რაც აგერ უკვე წელიწადზე მეტია გვაქვს. ალბათ ისევ წააგებს, უჯიგროდ და უსუსურად, თუმცა ვინც ეს გაიფიქრა უსათუოდ შეცდებოდა. მეორე პარტიაში სულ სხვა ნიკოლოზ ბასილაშვილი მოგვევლინა. აი, ისეთი არც ისე შორეულ წარსულში რომ ვიყავით ჩვეულნი.
ჯეიმს მილმანი ალბათ კვლავ იოლ გასეირნებას ელოდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ამის საშუალება არ მისცა და თავად მოაქცია მარწუხებში – 6:4 ნიკას სასარგებლოდ.
მესამე გადამწყვეტ პარტიაში კი ჩვენებურმა მეტოქეს იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა და 6:2 აჯობა.
რა თქმა უნდა, ეს ის ნიკოლოზ ბასილაშვილი არ არის, რომელიც ნებისმიერი ტოპ ჩოგბურთელისთვისაც კი უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა, თუმცა ის ძველი კონტურები კი გამოჩნდა.
იმედია, ჯეიმს მილმანთან გამარჯვება და დოჰას ტურნირის მეორე წრეში გასვლა მას მეტ თვითრწმენას შეჰმატებს.