ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მიუნხენშია და იქაური პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად იბრძვის. ქართველი ჩოგბურთელის და სლოვაკი ნორბერტ გომბოშის დაპირისპირება წვიმის გამო შეწყდა და ბასილაშვილიც კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას დღეს შეეცდება.
ამასობაში, კი მადრიდის მასტერსიც კარს მოგვადგა. „როლანდ გაროსამდე“, სამეფო სპორტის მოყვარულთ ორი მასტერსით ტკბობა ელის წინ. ჯერ ესპანეთის, ხოლო შემდეგ რომში, იტალიის დედაქალაქში.
მადრიდში პირველ ნომრად რაფაელ ნადალია განთესილი. ესპანელ მატადორს კი ორგანიზატორებმა დანილ მედვედევი, დომინიკ ტიმი და სტეფანოს ციციპასი მიაყოლეს.
სწორედ, ბერძენი ჩოგბურთელი იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მადრიდის მასტერსის მეორე წრეში. მანამდე კი ჩვენებურმა მეჩოგნემ ბენუა პერის წინააღმდეგობა უნდა დაძლიოს. წილისყრამ ბასილაშვილს სასტარტო მეტოქედ 31 წლის ვეტერანი ფრანგი ჩოგბურთელი არგუნა.
ბენუა პერის და ნიკოლოზ ბასილაშვილის ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფრანგი ფლობს – 3:1, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ჩოგბურთელების ბოლო ჯახი ქართველის სასარგებლოდ დასრულდა. ბასილაშვილმა ბენუა პერის 2019 წელს შანხაის მასტერსზე აჯობა.
მადრიდის მასტერსი სტარტს 2 მაისს აიღებს და 9 მაისამდე გასტანს.





