წინა სეზონის შემდეგ, არგენტინელ სუპერვარსკვლავს ლიონელ მესის „ბარსელონა“ რომ დაეტოვებინა, როგორც ამის გაკეთებას აპირებდა, მაშინ არაერთი რეკორდის დამყარებას ვეღარ შეძლებდა. მისი ყველა მიღწევა ხომ კატალონიურ გრანდთან არის დაკავშირებული.
ჰოდა, კიდევ ერთის ჯერი დადგა. ლა-ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „სოსიედადს“ თავბედი აწყევლინა და მათსავე მოედანზე 6:1 გაანადგურა. მესიმ დუბლი გაიფორმა, თუმცა ამჯერად მისი რეკორდი გატანილ გოლებს არ ეხება.
საქმე „ბლაუგრანას“ რიგებში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ მატჩების რაოდენობაშია. „სოსიედანთან“ დაპირისპირება ლიონელ მესისთვის „ბარსელონას“ მაისურით 768-ე გამოდგა, რაც აბსოლუტური რეკორდია. აქამდე კატალონიური გუნდის რიგებში ამდენი მატჩი არავის არასდროს ჩაუტარებია. ლიონელ მესიმ ამით ჩავი ერნანდესის რეკორდი მოხსნა. მიხვდებოდით, ჩავის ანგარიშზე 767 მატჩი გახლდათ.
არგენტინელმა ფორვარდმა 511 ლა ლიგაში ჩაატარა, 149 ჩემპიონთა ლიგაზე, 79 კოპა დელ რეიზე, 20 ესპანეთის სუპერ თასზე და 5-5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და ევროპის სუპერ თასზე.





