ვგონებთ, „ტოტენჰემისთვის“ კრიზისული პერიოდი ჩავლილია. ლონდონელებმა პრემიერლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილშიც მდგომარეობა გაიუმჯობესეს.
ჟოზე მოურინიოს გუნდმა ამჯერად „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და 4:1 გადაურბინა. პორტუგალიელი სპეციალისტი თავისი შეგირდების გარჯით კმაყოფილია, თუმცა ყურადღებას, ევროპა ლიგაზე და პრემიერლიგაში მომდევნო მნიშვნელოვან დაპირისპირებებზე ამახვილებს.
„როდესაც ანგარიში მიგყავს, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გოლს უშვებ, გასახდელში ცუდ ხასიათზე შედიხარ და მეორე ნახევარსაც იმაზე ფიქრში და დარდში იწყებ თუ შესვენებამდე როგორ ვერ შეინარჩუნე უპირატესობა.
ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. ჩემმა გუნდმა სრული მობილიზება მოახდინა და მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა. კარგია, რომ ფეხბურთელები უკეთ ათამაშდნენ, ვიდრე ეს ერთი თვის წინ ხდებოდა. ბიჭები არანაირ ზეწოლას არ გრძნობენ.
გასახდელში ბიჭებს პირველად ვუთხარი, რომ გამიხარდა გოლის გაშვება. მათ ეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე. ვგრძნობდი, რომ ის გაშვებული გოლი ფეხბურთელების უფრო მეტად დასამუხტად უნდა გამომეყენებინა.
საუკეთესო კვირა გვქონდა. 9 ქულა ავიღეთ და ამაზე უკეთეს ვერც ვინატრებდით, მაგრამ მომდევნოსთვის უნდა მოვემზადოთ. ევროპა ლიგაზე და პრემიერლიგაში არსენალთან რთული დაპირისპირებები გველის“ – ამბობს ჟოზე მოურინიო.





