აბა ოდესმე ვინმე წარმოიდგენა, რომ ყველა ვარსკვლავთა მატჩზე ანუ იგივე ოლსტარზე რომელიმე კალათბურთელი აუგს იტყოდა? იქ მონაწილეობა ხომ ნებისმიერი კალათბურთელისთვის საოცნებო და საამაყოა, მაგრამ არა ამჯერად, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის საყოველთაო პანდემიას.
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა წლეულს ოლსტარის ჩატარება მაინც გადაწყვიტა, რამაც არაერთი გამორჩეული კალათბურთელის გულისწყრომა გამოიწვია. მათი აზრით ცარიელ დარბაზში, მაყურებლების გარეშე ოლსტარს არავითარი ხიბლი და აზრი არ ექნება და ურჩევნოდათ ეს პაუზა დასვენებისთვის გამოეყენებინათ. ნბა-ს ბოსებმა კი კალათბურთელთა მოთხოვნას თუ სურვილს ყური არ უგდეს და ყველა ვარსკვლავთა მატჩის გამართვა მაინც ბრძანეს, ადგილად კი ქალაქი ატლანტა შეარჩიეს.
ერთ-ერთი ვარსკვლავი, ვინც წლევანდელ ოლსტარს ეწინააღმდეგება იანის ადეტოკუმბოა. მან გულისწყრომა საჯაროდ გამოხატა და უხამს კრიტიკასაც არ მოერიდა.
„მიმიფურთხებია წლევანდელი ოლსტარისთვის. ყველას გვეგონა, რომ ამ ფანჯარას დასასვენებლად და ოჯახის წევრების მოსანახულებლად გამოვიყენებდით, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა.
ნბა-ს ხელმძღვანელებს ვარსკვლავებისთვის უნდა მოესმინა. რას ამბობენ გამორჩეული კალათბურთელები, რომელთა გარეშეც ოლსტარი არაფერია? იმას, რომ ცნობილ მიზეზთა გამო წელს არ სურდათ მასში მონაწილეობა. მათ რიცხვში ვარ მეც.
ისევ გავიმეორებ, რომ ამ ეტაპზე არ მაინტერესებს ყველა ვარსკვლავთა მატჩი. მინდა ოჯახს შევხვდე, საკუთარი ძმასთან ჩავიდე ესპანეთში.
ასე რომ ვეთანხმები ლებრონ ჯეიმსს. ამ ეტაპზე არც სურვილი და არც ენერგია არ მაქვს ოლსტარში ვითამაშო, მაგრამ თუ მაინც მოგვიწევს სხვა გზა არ გვექნება. ჩვენ პროფესიონალი კალათბურთელები ვართ და ამას როგორც სამსახურს ისე უნდა მივუდგეთ“ – ამბობს ბერძენი კალათბურთელი.





