არსებობს ასეთი გამოთქმა – ავრორამ შენთვის ისროლაო. ამ ფრთიან ფრაზას იმ ადამიანს ეუბნებიან, რომელსაც ცხოვრებაში დაუჯერებლად გაუმართლა და ფსკერიდან უცაბედად მწვერვალზე აღმოჩნდა.
ლარსონ კულიბალს კი ნამდვილად შეუძლია თქვას იღბლიან ვარსკვლავზე დავბადებულვარო. ვინ ლარსონ კულიბალი? დიახ, სწორი კითხვაა. აქამდე მის შესახებ არც არავინ იცოდა, მითუფრო საფეხბურთო თემში. ახლა კი ის რომის „ლაციოს“ ფეხბურთელია.
17 წლის კოტდიუვარელი ბიჭი, მარადიულ ქალაქში ბედის საძებნელად ანუ სამუშაოდ ჩავიდა, ის კი უცაბედად იტალიურ გრანდში მოხვდა. ლარსონ კულიბალი „ლაციოაში“ პირადად კლუბის პრეზიდენტის კლაუდიო ლოტიტოს პატრინაჟით მოხვდა. ყველაზე დაუჯერბელი კი ამ ამბავში ის გახლავთ, რომ ბიჭს ფეხბურთი არასოდეს უთამაშია. ბუნებრივია, პროფესიონალურ დონეზე ვამბობთ, თორემ აფრიკის ქვეყნებში და სხვაგანაც, პატარა ბიჭები ეზოში ან ქუჩებში ბურთს მუდამ დასდევენ. გასაკვირი ის არი, რომ „ლაციოს“ პრეზიდენტის თქმით კულიბალი ამ მხრივაც გამონაკლისი იყო.
„ის ბურთს პირველად რამდენიმე თვის წინ პირველად შეეხო. არ ვიცი რატო, მაგრამ ჩვენ მასში დიდი ტალანტი დავინახეთ. მისი ცხოვრება გაჭირვებით იყო სავსე და რომშიც ამიტომ ჩამოვიდა, სულ მარტო. მას ჩემმა მეგობარმა შემახვედრა. მითხრა, რომ კარგი იქნებოდა ამ ბიჭს თუ ვნახავდი.
მან ჯერ ენა უნდა ისწავლოს და მისთვის უჩვეულო გარემოს შეეგუოს, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ამ პროცესს არ დავლოდებოდით და ის გუნდის წევრად დაგვერეგისტრირებინა. მას უკვე აქვს იტალიური პასპორტი და „ლაციოს“ სრულფასოვანი წევრია“ – ამბობს კლაუდიო ლოტიტო.
ლარსონ კულიბალს „ლაციოს“ მთავარ გუნდში ჯერ რა თქმა უნდა არავინ ათამაშებს. ის ჯერ რომაელთა 18 წლამდე გუნდში მოსინჯავს ძალებს.





