მედია ყველაფერზე მოკირკიტეა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე გამორჩეული სპორტსმენების პირად ცხოვრებას ეხება. მათ აინტერესებთ ვინ როდის ჭამს, რომელ საათზე იძინებს და ათასი წვრილმანი.
განსაკუთრებით ინტერესდებიან სასიყვარულო ამბებით. მაგალითად, ვინ ვისთან წევს ან როდის იდგამს უღელს. ისე, აქტიურ სპორტში მყოფი სპორტსმენები, უმთავრესად სუსტი სქესის წარმომადგენლები კარიერის დასრულებამდე გათხოვებას ერიდებიან, რადგან ამით მათ გარკვეულ პრობლემებს ექმნებათ. მამაკაცებისთვის კი შეუღლება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. კაცებისთვის ეს პროფესიული წინსვლისთვის ან განვითარებას ხელის შემშლელი არ არის.
თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სამეფო სპორტის მიმდევარი მანდილოსნები მანამ კორტზე დარბიან, ოჯახის შექმნას არ ჩქარობენ. რა თქმა უნდა, ასეც მომხდარა და ამა თუ იმ ჩოგბურთელს ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადაუდგამს, მაგრამ ძალიან იშვიათად.
მაგალითად, სერენა უილიამსს გათხოვება თითქმის კარიერის დაკარგულ წელიწადნახევრად დაუჯდა, თუმცა შეიძინა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი – დედა გახდა. რაც შეეხება მის უფროს დას, ის გათხოვებაზე არ ფიქრობს და აბეზარ ჟურნალისტებს იგერიებს.
„ხშირად მეკითხებიან პირადი ცხოვრების შესახებ. რატომღაც ბევრ ჟურნალისტს აინტერესებს თუ როდის ვთხოვდები ან ვაპირებ თუ არა ოჯახის შექმნას. ასეთ დროს ძალიან ვღიზიანდები და ყველას ერთი პასუხით ვიგერიებ – არა, ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას“ – ამბობს ვინუს უილიამსი.
ისე, ვინუსი უკვე თავისუფალი ქალია. ამას წინათ, ის მეგობარ ბიჭს ნიკოლას ჰემონდს დაშორდა.





