გიორგი შერმადინმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო დაისაკუთრა – 2020 წლის ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელის წოდება პატარა ამბავი ნამდვილად არ გახლავთ.
ქართელ ცენტრს შარშან მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა, როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე კლუბში „იბერიო სტარ ტენერიფეში“. შერმადინი ამ გუნდის ღირსებას უკვე მეორე წელია იცავს და უდავო ლიდერადაც ჩამოყალიბდა.
რაც შეეხება აღარებას – ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 2020 წელი სტატისტიკური კუთხით შეაჯამა და საერთო სარგებლიანობის მხრივ საუკეთესოდ გიორგი შერმადინი დაასახელა. მან ისეთ სახელოვან კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ვალტერ ტავარესი, მარსელინიო უერტასი და ნიკოლა მიროტიჩი არიან. შერმადინი გამორჩეული იყო სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით, ქულებში კი იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა მიროტიჩთან.
ევროპის უძლიერეს ლიგაში არავის რომ არ ინდობს და თამაშების უმეტესობაში MVP-ის ტიტულს რომ ეპატრონება, ყველას კარგად მოეხსენება. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ქართველ ცენტრს უდიდესი აღიარება ხვდა წილად – 2020 წლის მეფე – ასე უწოდა ACB.COM-მა გიორგი შერმადინს.




