საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობას აგრძელებს. ოთხწლიანი განვითარების გეგმის შემუშევება უეფას ექსპერტების დახმარებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უეფა გროუს წარმომადგენლები იმყოფებიან.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან კი, დანიელ ფლეჩერი, უეფა „გროუს“ მენტორი, ოლექს კუჩერევი, სტრატეგიული განვითარების ექსპერტი, ლეს ჰაუვი, უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის განვითარების მენტორი, ასევე შეინ ჯონსი, უეფას სტრატეგიული ექსპერტი.
ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა მასობრივი ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და განათლება, ეროვნული ჩემპიონატის ხელშეწყობა, ბრენდის იდენტობა და სხვა. სემინარის ფარგლებში მონაწილეებს ონლაინ კონფერენციის საშუალებით მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გაუზიარეს.
სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც უეფას ექსპერტები, ისე სფფ-ის პარტნიორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო.
პირველი სატრატეგიული გეგმა კი, უეფას ხელშეწყობით, 2016 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს კი ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ახალი ხედვა „მომავლის 11“ წარუდგინა.





