იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში, „იუვენტუსმა“ საკუთარ კედლებში სენსაციური მარცხი იწვნია. „ბებერ ქალბატონს“, ტურინში „ფიორენტინასგან“ მტკივნეული ალიყური მოხვდა და 0:3 წააგო.
ბუნებრივია, შედეგით უკმაყოფილი იყო ანდრეა პირლო. მან მარცხი მთლიანად ფეხბურთელებს გადააბრალა და აღნიშნა, რომ ისინი დუნედ და უმოტივაციოდ ირჯებოდნენ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მე-18 წუთზე, „იუვენტუსს“ უხეშობის გამო ხუან კუადრადო გაუძევეს.
„ამ მძიმე მარცხს მხოლოდ კაცნაკლულად დარჩენას ვერ დავაბრალებთ. ვთვლი, რომ კუადრადოს გაძევების მიუხედავად, ასე გამანადგურებლად არ უნდა წაგვეგო.
საქმე იმაში კი არ არის, როგორ ითამაშა მეტოქემ, არამედ რას ვაკეთებდით ჩვენ მოედანზე. როდესაც, ასეთი მძიმე მარცხი შობის წინა დღეებში ხდება, ერთ დასკვნამდე მივდივარ – ფეხბურთელები არა თამაშზე, არამედ უკვე დღესასწაულებზე ფიქრობენ. ყველა მათგანი მოედანზე შესაბამისი განწყობის გარეშე გამოვიდა“ – ამბობს ანდრეა პირლო.
„იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ 3 ქულით ჩამორჩება.





