მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ანა ივანოვიჩი, რომელიც სხვათა შორის კარიერის საწყის ეტაპზე ბათუმშიც ნამყოფია და აჭარის დედაქალაქში 75 ათასიანი ტურნირიც მოგებული აქვს, კორონავირუსით გამოწვეულმა ლოქდაუნმა მეტად შეაწუხა.
ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინება, რომსერბმა ლამაზმანმა კარიერა თითქმის ორი წლის წინ დაასრულა, მეგობარ ბიჭს, ესპანელ მეჩოგნე ფერნანდო ვერდასკოსაც ხელი დაუქნია და ცოლად ბასტიან შვაინშტაიგერს გაჰყვა, რომელიც იმხანად აშშ-ში აგორებდა ბურთს. ბუცები ლურსმანზე გერმანელმა ფეხბურთელმაც დაკიდა და წყვილიც ჩიკაგოში დასახლდა. მოგვიანებით ისინი მშობლებიც გახდნენ.

დავუბრუნდეთ ისევ ანა ივანოვიჩის პატარა დეპრესიას, რომელიც კარჩაკეტილობით დაემართა. როგორც ჩანს, ჩიკაგოში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა და ანამაც აიწყვიტა. „როგორც იქნა, ისევ დაბრუნდა ის ძველი და ტკბილი დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სადმე სავახშმოდ წავიდეთ. როგორ მომნატრებია გემრიელად გამოპრანჭვა. მოგწონთ ჩემი ახალი კაბა?“ – წერს ივანოვიჩი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

ივანოვიჩი, ინსტაგრამზე ძალზედ აქტიურია და გამომწერებსაც ახალ-ახალი ფოტოებით თუ სტატუსებით ანებივრებს. მაგალითად, ამას წინათ მან საზოგადოებას თავისი საყვარელი საუზმის ინგრედიენტის შესახებაც ამცნო.
„ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ შემწვარი კვერცხი და ავოკადო იდეალური საუზმეა. გემრიელი და ჯანსაღი საკვები“ – წერს ივანოვიჩი.

