“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ლიონელ მესის “პსჟ-ში” ტრანსფერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არგენტინელი ვარსკვლავის წასვლის შემდეგ, “ბარსას” რთული პერიოდი ექნება.
“ვერ გეტყვით, ბარსელონაში რა მოხდა, მოვლენები როგორ ვითარდებოდა, თუმცა, ფაქტია, რომ კლუბს ამ ტრანსფერის შემდეგ მოძლიერებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. მესის სხვა გუნდის მაისურით ხილვა ძალიან მტკივნეული იქნება. ლეო ხომ ბარსელონას განსახიერება იყო. ის ყველაფერი იყო, გაცილებით მეტი, ვიდრე ერთი უბრალო მოთამაშე. ასეთი ფეხბურთელი არასდროს მინახავს და არც კი ვიცი, მომავალში ვნახავ თუ არა. ბარსელონა მაინც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად რჩება. ეს კლუბი მაინც მწვერვალზე უნდა იყოს”.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ “პსჟ-სთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პარიზულ კლუბში არგენტინელის ხელფასი წელიწადში 35 მილიონი ევრო იქნება.
ლიონელ მესი “ბარსელონაში” 2003-2021 წლებში გამოდიოდა და მისი კატალონიური კლუბის მაისურით 778 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 672 გოლი და მიითვალა 305 საგოლე პასი.





