ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ რამდენიმე სუპერწყვილი გამოაცხო, თუმცა არიან ისეთებიც, სადაც ერთი შეხედვით უდავო ფავორიტი წინასწარვე ცნობილია.
ერთ-ერთი ასეთი „ატალანტას“ და „რეალის“ წყვილია. ბუნებრივია, ბერგამოელთა მისამართით აუგს ვერავინ იტყვის და ეს გუნდი უკვე ზედიზედ მეორე სეზონია ამტკიცებს, რომ ხელწამოსაკრავი არავისთვისაა, თუმცა როდესაც საქმე „რეალთან“ გაქვს, მინიმუმ ადვილი მატჩების მოლოდინი არ უნდა გქონდეს.
სამეფო გუნდის სპორტული დირექტორი ემილიო ბუტრაგენიოც იმედიანადაა და გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„მეტოქეს ჩემი უდიდესი პატივისცემა, მაგრამ ჩვენ რეალი ვართ. მთავარია, ამ მნიშვნელოვან მატჩებს სრულ მზადყოფნაში და ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. როდესაც ეს ასეა, მაშინ ჩვენი მომგები არავინაა.
კარგია, რომ განმეორებითი დაპირისპირება შინ გვექნება. სხვათა შორის, ისტორიულად სულ ასე ხდება ხოლმე. პლეიოფის პირველი მატჩი თითქმის ყოველთვის სტუმრად გვაქვს. რეალში თამაშის პერიოდში, მქონდა ბედნიერება რამდენიმე შესანიშნავი ქამბექის მონაწილე გავხმდარიყავი. იმედია, საქმე მაქამდე არ მივა და პირველ დაპირისპირებაში მივაღწევთ ისეთ შედეგს, სახლში რომ მშვიდად დავბრუნდეთ.
ნურავინ მიწყენს და რეალი ყოველთვის, ნებისმიერ გუნდთან ფავორიტია“ – ასე აფასებს წილისყრის შედეგებს და „ატალანტასთან“ მომავალ მატჩებს ემილიო ბუტრაგენიო.





