ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. “სკუადრა აძურამ” ფინალში ინგლისის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის შემდეგ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა.
რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): “ძალიან კარგად ვითამაშეთ. სწრაფი გოლი გოლი გავუშვით და თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ვდომინირებდით. ბიჭები შეუდარებლები იყვნენ! ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ყველა იტალიელისთვის და ჩვენი გუნდის ქომაგებისთვის მთელს მსოფლიოში. ბედნიერები ვართ!
იყო მომენტი, როცა ამ ტრიუმფზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ საოცარი ბიჭები მყავს და სიტყვები არ მყოფნის, რომ ეს გუნდი დავახასიათო. ამ გრძელ გზაზე ადვილი თამაში არ გვქონია, ფინალიც ძალიან რთული იყო და განსაკუთრებით გაშვებული გოლის შემდეგ, მაგრამ შემდეგ დომინანტები ჩვენ ვიყავით.
პენალტებში იღბალიც საჭიროა და ინგლისელების გამო ვწუხვარ. გუნდი ძალიან გაიზარდა და ვფიქრობ, კიდევ შეუძლია მომატება. ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ იტალიელებს ძალიან გვიხარია. ვიალისთან მეგობრობა? ეს ყველაფერს სცდება, ისევე როგორც ჩვენი დროის სამპდორია.“
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. მანჩინის გუნდს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მსოფლიო რეკორდის გამეორებამდე მხოლოდ ერთი თამაში, ხოლო რეკორდის სრულად დასამხობად 2 თამაში დარჩა.





