„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა სერგეი რებროვი ვიხილოთ. დაგვეთანხმებით, მეტად სენსაციური და მოულოდნელი ამბავია, თუმცა მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ საკმაოდ რეალური.
ლონდონურ გუნდს მოურიციო პოჩეტინოს დაბრუნება კი სურს და საამისოდ ქმედითი ნაბიჯებიც უკვე გადადგა, მაგრამ არგენტინელ სპეციალისტს დიდად ერთ მდინარეში მეორედ შესვლა აღარ ხიბლავს და „პსჟ“-ს დატოვების პერსპექტივა ბუნდოვანია.
პოჩეტინოს ერთ-ერთ ალტერნატივად კი „ტოტენჰემის“ ბოსებს სწორედ რებროვი ესახებათ. ამის შესახებ რამდენიმე უცხოური გამოცემა წერს.
46 წლის უკრაინელი სპეციალისტი 2018 წლიდან „ფერენცვაროშს“ წრთვნის და საკმაოდ წარმატებითაც. მისი თავკაცობით უნგრული გუნდი ჩემპიონთა ლიგას 25 წლის შემდეგ დაუბრუნდა.
ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სერგეი რებროვის „ტოტენჰემში“ დანიშვნა მართლაც საინტერესოდ და ამბიციურად ჟღერს.





