მიუნხენში ტრიუმფიდან ორ დღეში, ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსზე გადაერთო და სამწუხაროდ ასპარეზობაც ნაადრევად დაასრულა.
როგორც ჩანს, ქართველმა ჩოგბურთელმა მიუნხენის ტურნირზე გამარჯვებას დიდი ძალა შეალია, რაც ბენუა პერისთან დაპირისპირების დროს თვალნათლივ ჩანდა. ბასილაშვილი კორტზე ისე მძლავრად და აგრესიულად ვერ მოქმედება, როგორც ამას გერმანიაში გამართულ ტურნირზე აკეთებდა.
წყვილის ფავორიტად სპეციალისტების მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო შერაცხული და არცთუ ისე უსაფუძვლოდ. ბენუა პერიმ საჩოგბურთო სამყაროს ბოლო პერიოდში თავი მხოლოდ უდისციპლინობით და ცუდი თამაშით დაამახსოვრა, თუმცა დღეს მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
ნიშანდობლივია, რომ მადრიდის მასტერსი მაყურებლების თანხლებით იმართება და ტრიბუნებზე შეკრებილი ქომაგების დიდი ნაწილიც სწორედ ფრანგ ჩოგბურთელს გულშემატრივრობდა. ბენუა პერიმაც ორ სეტში – 6:4, 7:5 იმარჯვა და ისე გაიხარა გეგონებოდათ ტურნირის ჩემპიონი გახდაო.
მოკლედ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს საწყის ეტაპზევე დაემშვიდობა, წინ კი რომის ანალოგიური ტურნირია, სადაც იმედია თავს უკეთესად წარმოაჩენს.





