ახალი მწვრთნელი და ახალი სახეები. ასე დაიწყო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და სასტარტო 3 მატჩში ურიგო შთაბეჭდილებაც არ დაუტოვებია.
ახალი სახეებიდან კი ერთ-ერთი გიორგი მიქაუტაძე გახლდათ. ახალგაზრდა ნიჭიერმა ფორვარდმა არჩევანი საქართველოს ნაკრებზე გააკეთა და ვილი სანიოლიმაც ის ჯავროსნებში იხმო.
სამწუხაროდ, მიქაუტაძემ პირველივე მატჩში შვედეთთან მცირე ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა ნაკრები დაეტოვებინა. ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ ქართველი ფეხბურთელი ამჟამად ბელგიის მეორე დივიზიონში თამაშობს და „სერენსის“ ღირსებას იცავს.
გიორგი მიქაუტაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებზე საუბრობს.
„საქართველოს ნაკრებში გამოძახებით ძალიან ბედნიერი ვიყავი. იქ ყველა თბილად დამხვდა. ძალიან რთული და გრძელი გზის გავლა მომიხდა. დაახლოებით 10-11 საათი გზაში გავატარე სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავაღწევდი.
ნაკრებში პირველი მიწვევა ყოველთვის ემოციებთან არის დაკავშირებული. ძალიან საჭირო და სასიამოვნო გამოცდილება მივიღე. მწვრთნელი მენდო და შვედეთთან შეცვლაზე სათამაშოდ შევედი. მეტად სწრაფი და ხისტი თამაში მიმდინარეობდა.
მცირე ტრავმა მივიღე და კლუბში დავბრუნდი. საბედნიეროდ უკვე მოვმჯობინდი და ინტენსიურ ვარჯიშს შევუდექი. ახლა მხოლოდ სერენსზე ვფიქრობ. მიზანს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ და უმაღლეს დივიზიონში გადავიდეთ“ – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.





