ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ უკვე გრუნტის სეზონი დაიწყო, რომელიც ერთბაშად სამ ქვეყანაში – ესპანეთში, მაროკოში და იტალიაში გაიხსნა.
ქართველ ქომაგთა ინტერესი სარდინიისკენ არის მიპყრობილი, სადაც ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს. კალიარის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა თანრიგში მეტოქის მოლოდინაშია, მანამდე კი ძალები წყვილთა შორის მოსინჯა.
ბასილაშვილი, ანდრე ბეგეგამანს შეუწყვილდა და მათაც ტურნირზე პირველი მატჩი გამართეს. ქართულ-გერმანული წყვილის მეტოქეებიც სასტარტო დაპირისპირებაში იტალიელები ჯულიო ზეპერი და ანდრია პელეგრინო იყვნენ.
მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად სუპერ ტაიბრეიქი გახდა საჭირო. პირველი სეტი იტალიელებმა 7:6 მოიგეს, მეორე პარტიაში კი ბასილაშვილ-ბეგემანსის უპირატესობა აშკარა იყო – 6:1. სუპერ ტაიბრეიქზე კი კვლავ იტალიელებმა იმძლავრეს და 10:7 იმარჯვეს.
ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილთა შორის ასპარეზობა უკვე დაასრულა. მთავარი კი რა თქმა უნდა, ერთეულთა თანრიგია.





