ვეტერანმა მორაგბემ დღეს თავის ადვოკატთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მისი გუნდი „მსოფლიო რაგბის“ სამართლებრივ დოკუმენტებს გაუგზავნის, რომელშიც 30 დეკემბერს გამართული საარჩევნო ყრილობის გარემოებები იქნება აღწერილი.
„საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცემას გადავუგზავნეთ ყველა მასალა. მოგვთხოვეს, ვიდეორგოლები, სურათები. აინტერესებდათ რა ვითარებაში ტარდებოდა და სად გაიმართა არჩევნები. ამ ყველაფერზე ვუპასუხეთ. თავად გამოიჩინეს ინიციატივა, ოღონდ ჩვენი თანხმობით მიეწერათ მსოფლიო რაგბისთვის და პირველი ნაბიჯები გაევლოთ. ასევე, ჩვენც ვამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომელიც ახლა იკინძება და უახლოეს პერიოდში გადავუგზავნით მსოფლიო რაგბის. ჩვენც სავარაუდოდ მოგვიწევს ჩასვლა და დეტალურად გავლა ყველა იმ საკითხის, რომელიც დოკუმენტში იქნება შეტანილი“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 10 მარტს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით არჩევნებზე სოსო ტყემალაძემ გაიმარჯვა. მან დელეგატებისგან 42 ხმა მიიღო. ასევე ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.
მანამდე, 2020 წლის 30 დეკემბერს რაგბის კავშირში კიდევ ერთი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ირაკლი აბუსერიძემ მოიპოვა. 1 კვირაში, საჯარო რეესტრმა ვეტერანი მორაგბის პრეზიდენტად რეგისტრაცია შეაჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამოდ ჩატარებული ყრილობა დაასახელა. ირაკლი აბუსერიძე 10 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს.








