ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 32-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ბილბაო ბასკეტს“ შეხვდა და 19 ქულის სხვაობით, 86:67 გაიმარჯვა.
ქართველი კალათბურთელის გუნდი პირველივე მეოთხედში დიდი უპირატესობით დაწინაურდა და შეხვედრა გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანა. ამის გამო, „ტენერიფეს“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერებს დიდი სათამაშო დრო არ მისცა და გარკვეულწილად დაასვენა კიდეს. მათ შორის შედიოდა გიორგი შერმადინიც, რომელმაც სულ რაღაც 16 წუთი ითამაშა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში თავის გამოჩენა მაინც შეძლო და მატჩი 12 ქულით დაასრულა.
32-ე ტურის შემდეგ „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში 25 მოგებით და 6 მარცხით მესამე ადგილზე იმყოფება. გიოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 აპრილს, „ხუვენტუდის“ წინააღმდეგ გამართავს.




