23 წლის სერბ ფორვარდს გული სამეფო გუნდისკენ მიუწევს. ისე, ლუკა იოვიჩი ისედაც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია, თუმცა თავის ყოფილ კლუბში „აინტრახტში“ არის განათხოვრებული.
ჰოდა, იოვიჩს მადრიდში დაბრუნება გადაუწყვეტია და ამის შესახებ საჯაროდაც ხმამაღლა განაცხადა.
„ყველამ იცის, რომ მე რეალს ვეკუთვნი. ოფიციალურად ამ გუნდის ფეხბურთელად ვითვლები. ამიტომაც, ზაფხულში მადრიდში დავბრუნდები.
აინტრახტი ჩემთვის განსაკუთრებული გუნდია. მან ბევრი მომცა და მუდამ ჩემს გულში იქნება. რა თქმა უნდა, უფრო მეტის თქმა სეზონის დასრულების შემდეგ შემეძლება, მაგრამ ახლა რაც მსურს არის ის, რომ რეალში დავბრუნდე“ – ამბობს ლუკა იოვიჩი.
ნიჭიერი სერბი შემტევი ფრანქფურტის „აინტრახტში“ 2017-2019 წლებში თამაშობდა, როდესაც „ბენფიკადან“ არენდით გადავიდა, თუმცა შემდეგ გერმანულმა კლუბმა იოვიჩი 22 მილიონ ევროდ გამოისყიდა, ხოლო ერთ წელიწადში „რეალს“ 63 მილიონად მიჰყიდა.
ამ ზამთარს, ლუკა იოვიჩი „აინტრახტმა“ სამეფო გუნდიდან ისევ ინათხოვრა. იოვიჩმა, ბუნდესლიგის 12 მატჩში 3 გოლის გატანა მოასწრო.





