ის უკვე 28 წლის არის და ნორვეგიელ ერლინგ ჰალანდთან ერთად დღესდღეობით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღიორებულ ფორვარდად მიიჩნევა. არ ვიცით, პარადოქსად უნდა შეირაცხოს თუ არა, მაგრამ ინგლისელ სუპერვარსკვლავს კარიერაში ჯერ რაიმე ხელშესახები და მნიშვნელოვანი ჯილდო არ მოუგია. ამის იდეალური შანსი ორი წლის წინ ჰქონდა, როდესაც მისი „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ ინგლისურ ფინალში „ლივერპულთან“ დამარცხდა.
სხვადასხვა ბრიტანული გამოცემები, მათ შორის ავტორიტეტული Daily Mail გვიმტკიცებს, რომ ჰარი კეინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი „ტოტენჰემი“ დატოვოს. ინგლისური მედიის თქმით, კეინისთვის მიმდინარე სეზონი ლონდონურ გუნდში ბოლო იქნება.
ჰარი კეინი იმ დონის ფეხბურთელია, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს ამბიციები რომელიმე ევროპულ გრანდში გადაბარგდეს და იქ იბრძოლოს უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად. მის საკუთარ რიგებში ხილვაზე ალბათ არაერთი გუნდი ისურვებდა, მაგრამ სხვა საკითხია პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო რამდენად შეძლებენ მასში მოთხოვნილი კოლოსალური თანხის გადახდას.
მოკლედ, ასეა თუ ისე, არ გამოვრიცხოთ, რომ ჰარი კეინმა „ტოტენჰემი“ მართლაც დატოვოს, რომლის მაისურითაც მას 207 გოლი აქვს გატანილი.





