საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ვეტერანი მორაგბის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ზეგ, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება!
თუ რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბის თავისუფლება ჩვენი ხვედრია!
თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
ოთხშაბათს, ერთი კაციც გუნდია!“ – წერს აბუსერიძე.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის გამგეობამ განმეორებითი სხდომა 10 მარტს ჩანიშნა. არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე მიიღებს. მანამდე, პირველი ყრილობა 24 თებერვალს ჩატარდა, თუმცა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო დელეგატებმა პრეზიდენტი ვერ აირჩიეს.
უფრო ადრე, 2020 წლის 30 დეკემბერს „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. 6 იანვარს საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამოდ ჩატარებული ყრილობა დასახელდა. ირაკლი აბუსერიძე ახალ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს.





