მართალია, ის იმ სიმაღლეზე ვეღარ არის, რამდენიმე წლის წინ რომ იყო, თუმცა მისი არყოფნა წლის პირველ დიდი სლემის ტურნირს აშკარად გააღარიბებს.
ენდი მარის, წლეულს, მელბურნის კორტებზე ვერ ვიხილავთ. ეს ამბავი არა მხოლოდ შოტლანდიელი მეჩოგნის, ალბათ ზოგადად სამეფო სპორტის ქომაგებსაც გულს დაწყვეტდა.
ენდი მარის მწვანე კონტინენტზე არ ყოფნის მიზეზი კი წესით ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. როჯერ ფედერერის მსგავსად, კარანტინში გამოკეტვა არც შოტლანდიელს ხიბლავს.
„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობას გამოვტოვებ. ძალიან მსურდა მელბურნში ჩასვლა და თამაში, რადგან ეს ქალაქიც მიყვარს და ტურნირიც, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვსურს.
საორგანიზაციო კომიტეტთან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რადგან მკაცრ კარანტინში არ გადავეყვანე და ვარჯიშის უფლება მქონოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც ადვილი ნამდვილად არ ყოფილა“ – ამბობს ენდი მარი.





