მიმდინარე წელს, ჩვენს ქვეყანაში 4 მაღალი ტურნირი გაიმართება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ პირველი არხზე, გადაცემა „ტაიმაუტის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ტურნირები ყველა რეგულაციის დაცვით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უმაღლეს დონეზე ჩატარდება.
„პირველი იქნება თებერვალში დაგეგმილი სკიკროსი, შემდეგ გრანდ სლემი ძიუდოში. მოგეხსენებათ, რომ გრან პრის ეტაპებს ვიღებდით ხოლმე ყოველწლიურად, ახლა ერთი ეტაპით მაღლა აიწია და უკვე გრანდ სლემს ვუმასპინძლებთ. ეს არის ძალიან მაღალი რანგის შეჯიბრი.
თებერვალში ასევე გაიმართება ბაბლი – კალათბურთის ტურნირი. ჩატარდება კრივში, კარატესა და ხელბურთში ევროპის ჩემპიონატები. დარწმუნებული ვარ, იმ პროტოკოლებით, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე შემუშავდა, ჩვენ სრულყოფილად და მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ ამ ტურნირებს, ისევე, როგორც სხვა წლებში ვმასპინძლობდით“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.


